საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას პროვოკაციად აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, ქართულმა მხარემ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად მტკიცედ უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი.
"მინდა, ყველას სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ. საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მთავრობამ იცოდა, რას აკეთებდა და ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას. ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო, ასე ვთქვათ, ოკუპანტების გავლენის ქვეშ და ეს ტერიტორია არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ, მგონი, ყველასთვის ცნობილია. ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ და სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და დიალოგის გზით, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ურთიერთობების დარეგულირება და დეოკუპაციის პროცესის დაწყება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ საპასუხოდ ვხედავთ ასეთ პროვოკაციას, რომელიც აბსოლუტურად გაუმართლებელია, მითუმეტეს, ჩემი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს გაემგზავრა პრაღაში, სადაც ხვალ აქვს შეხვედრა კარასინთან. ასე, რომ აბსოლუტურად გაუგებარი და გაუმართლებელია ასეთი ქმედება", - აცხადებს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერები აღმართეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი. რუსული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა 52 ჰექტარი მიწის ფართობი და დაზარალდა 97 ოჯახი. ჯერჯერობით უცნობია, მისცეემენ თუ არა საოკუპაციო ძალები ადგილობრივებს ქერისა და ხორბლის მოსავლის აღებას საშუალებას.