ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, დედაქალაქს 12 ობიექტი შეემატა. აქედან 6 არის სრულიად ახალი, დანაჩენი კი აღდგენილი და განახლებული. რაც მთავარია, თორმეტივე ობიექტი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ეს დარჩება სახელმწიფოს და ამით ისარგებლებენ ჩვენი სპორტსმენები, რომლებიც მართლაც იმსახურებენ ამგვარ დახმარებას სახელმწიფოსგან,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერის განახლებული საკალათბურთო დარბაზის გახსნის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღდგენილი საკალათბურთო დარბაზი დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი ღირსეულად უმასპინძლებს.
„დღეს განახლებულ ვერის საკალათბურთო დარბაზში ვიმყოფებით, ეს არის კალათბურთელებისთვის და თბილისელებისთვის საყვარელი ადგილი. ამ დარბაზს სრული რეაბილიტაცია გაუკეთდა, დაახლოებით 2 მილიონზე მეტი დავხარჯეთ და თქვენ ნახეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად საერთაშორისო სტანდარტების მქონე თანამედროვე დარბაზი, რომელიც ღირსეულად უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში ვერის საკალათბურთო დარბაზი გოგონათა გუნდებს უმასპინძლებს.
რეკონსტრუქცია დარბაზში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც სპორტსმენებმა ორი მოედანი ჩაიბარეს, როგორც სავარჯიშო, ასევე საშეჯიბრო.