პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომა საოკუპაციო რეჟიმის მიერ საზღვრის გადმოწევის თემაზე საუბრით გახსნა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დაირღვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და მოქალაქეების უფლებები.
„მინდა გამოვეხმაურო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პროვოკაცოულ ქმედებას - საოკუპაციო ხაზის გადმოტანის ფაქტს. კიდევ ერთხელ დაირღვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი მოქალაქეების უფლებები, განსაკუთრებით საოკუპაციო საზღვარზე მოსახლე ადამიანების უფლებები. ეს არის ჩვენი შფოთვის და განსაკუთრებული წუხილის საგანი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურ რეჟიმში მუშაობს: ინფორმირებულია ყველა საელჩო, ჩვენი პარტნიორები როგორც ბრიუსელში, ასევე გაეროში, ეუთოში. არის მოწოდება, რომ მომზადდეს შესაბამისი მიმართვა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა ეს ქმედება იქნეს აღკვეთილი. რა თქმა უნდა მშვიდობიან ფორმატში, ჩვენი პარტნიორი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ჩართულობით უნდა მოხდეს უსწრაფესი რეაგირება“_განაცახდა კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ასევე „ბაქო-სუფსას“ მილსადენის ნაწილიც.