საბერძნეთი განაგრძობს ბრძოლას და დაუბრუნდება ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი, ევროზონის ლიდერების მიერ, საბერძნეთთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შემდეგ აცხადებს.
"ჩვენ ძალიან სერიოზული ბრძოლა გამოვიარეთ და მივიღეთ რთული გადაწყვეტილება. ავიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა რომ შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროპის ყველაზე კონსერვატულმა წრეებმა მიიღეს. შევძელით ვალის რესტრუქტურიზაცია და ხანგრძლივი დაფინანსება მოვიპოვეთ. საბერძნეთი განაგრძობს ბრძოლას და დაუბრუნდება ეკონომიკურ ზრდას,” - განაცხადა ციპრასმა.
შეთანხმების მიხედვით, საბერძნეთის პარლამენტმა 15 ივლისამდე უნდა მიიღოს ის კანონები, რისი რეკომენდაციაც გააკეთა ევროკავშირმა. ასევე, საბერძნეთმა მოკლე ვადაში უნდა გაატაროს საკმაოდ მკაცრი რეფორმები.
ამ დრომდე საბერძნეთში მოსახლეობა ბანკების გახსნას ელოდება. ალექსის ციპრასის მთავრობამ ბანკები ქვეყანაში საბანკო პანიკის თავიდან ასაცილებლად სამი კვირის წინ დაკეტა, უკვე მესამე კვირაა, რაც ათენის საფონდო ბირჟაც დაკეტილია. დახურულია საერთაშორისო ფულადი ტრანსფერების სისტემა. მოსახლოებას ბანკომატებიდან ყოველდღიურად მხოლოდ 60 ევროს გამოტანის უფლება აქვს. დღეს ევროპის ლიდერებსა და საბერძნეთს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა, კვლავ უცნობია თუ როდის გაიხსნება ბანკები.