თბილისის საკრებულომ ფეხბურთის ფედერაციას უეფას სუპერთასზე დასასწრები 300 ბილეთის გამოყოფა სთხოვა. ამის შესახებ, ინფორმაციას ,,ნაცმოძრაობის” წევრი ნიკა მელია ავრცელებს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის 26 ივნისით დათარიღებულ წერილს ასაჯაროვებს.
,,ბატონო ზვიად, გთხოვთ, ბარსელონასა და სევილიას შორის უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებად, რომელიც ტარდება თბილისში 11 აგვისტოს, თბილისის საკრებულოსთვის გამოყოთ: 75-ლარიანი ბილეთი - 100 ცალი; 35-ლარიანი ბილეთი - 100 ლარი; 18-ლარიანი ბილეთი - 100 ცალი. ანაზღაურება მოხდება ნაღდი ანგარიშსწორებით", - ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარის წერილში.
შეგახსენებთ, რომ 20 საათს გაგრძელდა უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა. ამის მიუხედავად, გულშემატკივრების დიდი ნაწილი - რამდენიმე ათასი ადამიანი მაინც უბილეთოდ დარჩა, რაც ვაკის პარკში შეკრებილებმა გააპროტესტეს.
გულშემატკივრის ნაწილის მტკიცებით, ფედერაციამ ბილეთების დიდი ნაწილი სალაროებიდან არ გაყიდა, თუმცა აღნიშნულს ფედერაციაში კატეგორიულად უარყოფენ.