შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმედოვნებს, რომ ე. წ. საზღვრის გადმოწევის შედეგად, ბაქო-სუფსის მილსადენი არ დაზიანდება. გორის რაიონში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერების დადგმას მინისტრი სამწუხარო ფაქტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში, ასეთი ბანერები ბევრი დგას.
„აქამდე, შვიდი წლის განმავლობაში არავინ შეხებია ამ მილსადენს და არც ახლა მგონია დაზიანდეს, რადგან მიწაშია ძალიან ღრმად, თუმცა, თუ ეს მოხდება, შესაძლებელი იქნება იმ კილომეტრნახევრის მოქცევა და აქეთ მხარეს გადმოწევა. ეს რა თქმა უნდა, თანხები დაჯდება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, არასწორია ოპოზიციის განცხადებები იმასთან დაკაშირებით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებას საოკუპაციო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით.
„რეაგირება ხდება. ეს რისი შედეგია და რატომ, ოპოზციიამ თავის თავს მოკითხოს, უმჯობესი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება კითხვას, უნდა შეიცვალოს თუ არა კარასინი-აბაშიძის ფორმატი, გომელაური ამბობს, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
10 ივლისს, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსას მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა.
საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდგომ, ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.