საქართველოს საგარეო უწყება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გორის სოფლებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი უკვე შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, რომლებთანაც აღნიშნული საკითხი დაისვა. შესაბამისად, მათ დეტალური ინფორმაციაც მიეწოდათ.
კერესელიძემ ასევე განაცხადა, რომ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების საკითხი უმკაცრესად დაისმება იმ ფორმატებში, რომელთანაც საქართვეოლოს ურთიერთობა აქვს, კერძოდ, გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოსთან.
სპიკერის ინფორმაციით, დღეს, 16:00 საათზე მოწვეულია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დეტალურად მიაწვდიან იმ ვითარებას, რა ვითარებაც ამ დროისთვის ადგილზე არის შექმნილი.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ასევე „ბაქო-სუფსას“ მილსადენის გარკვეული სეგმენტი.