სუპერთაისის ბილეთების გაყიდვა, იმ შემთხვევაში, თუკი სალაროები დათქმულ დროს - 21:00 საათისთვის დაიხურება, დღეს ვერ დასრულდება. აღსანიშნავია, რომ შვიდი საათის განმავლობაში, დღეს 6 000-მდე ბილეთი გაიყიდა. არსებული ტემპით, დარჩენილი ხუთი საათის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება 4 300 -მდე ბილეთის გაყიდვა. შესაბამისად, 22 089 ბილეთიდან, დღეს მხოლოდ ნახევარი გაიყიდება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცადებით, ბილეთები საკმაოდ ნელი ტემპით იყიდება.
„სამწუხაროდ, გულშემატკივრები ძალიან ნელა ყიდულობენ ბილეთებს. ჩვენ 18:00 საათისთვის ალბათ უკვე ვიტყვით, როგორ და როდის გაგრძელდება ბილეთების გაყიდვა. ჩვენ მზად ვართ, გავყიდოთ ბოლომდე, მაგრამ ხალხს ვერ გავაწამებთ. ერთადერთი პრობლემა ადგილების არჩევაზეა. ჩვენ 2 წუთი და 40 წამი გვქონდა გათვლილი. სამწუხაროდ, ზოგიერთი 7 და 10 წუთი ირჩევს ბილეთს“, - განაცახადა ზვიად სიჭინავამ.
ბილეთებს ყიდის 12 მოლარე, რომელთაც 4 შემცვლელი და 3 დამკვირვებელი ჰყავთ. მოლარეები 12-საათიან რეჟიმში იმუშავებენ, თუმცა, თუკი ამ დროის გასვლის შემდეგ ბილეთების მცირე რაოდენობა გასაყიდი დარჩება, გაყიდვის პროცესი რამდენიმე საათით გახანგრძლივდება.
ვაკის პარკის შესასვლელთან დამონტაჟებულია სალაროებთან მიერთებული მონიტორები, რომლის საშუალებითაც ბილეთის ყიდვის მსურველები რეგულარულად ადევნებენ თვალს, როგორ მიმდინარეობს პროცესი და იკლებს გასაყიდი ბილეთების რაოდენობა. თითო ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია.
UEFA-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩი „დინამო არენაზე“ 11 აგვისტოს გაიმართება, სადაც ერთმანეთს „სევილია“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან.