საბერძნეთის ბედი დღეს გადაწყდება. ათენის მიერ შეთავაზებულ წინადადებათა პაკეტს ბრიუსელის სამიტზე დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები განიხილავენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, უნდა ჰქონდეს თუ არა ათენს ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორთა დახმარების იმედი. სამიტამდე კი საბერძნეთის საკითხზე დღეს ევროჯგუფის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. მოლაპარაკებათა პირველ რაუნდზე მათ კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. იმ შემთხვევაში, თუ ათენი საერთაშორისო კრედიტორთა დარწმუნებას ვერ შეძლებს, დეფოლტთან ერთად საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს. გერმანია საბერძნეთს ევროზონიდან 5 წლით გასვლას სთავაზობს, რაზეც ბერძნული მხარე უარს აცხადებს.