კანადაში ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს სამუშაო სადილზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობ ნიკოლსონმა უმასპინძლა.
დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალთან გაფორმებული ეგრეთწოდებულ შეთანხმებებზე, როგორც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია. შესაბამისად, კანადის ხელისუფლება მომავალშიც განაგრძობს ევროინტეგრაციის მისწრაფებების მქონე ქვეყნების ხელშეწყობას. რობ ნიკოლსონმა, ასევე, განსაკუთრებულად აღნიშნა ქართული მხარის მიერ შეტანილი წვლილი ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.
შეხვედრაზე კანადური მხარის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.
აღინიშნა, რომ წლიური ეროვნული პროგრამისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით დაფიქსირებული პროგრესი კიდევ უფრო აახლოვებს საქართველოს საბოლოო მიზანთან-ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-კანადას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს.
ხოლო 9 ივლისს, ქ. ტორონტოში, კანადაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში.