ჟვანიას საქმის პროკურორი რეზო ნადიო იმედოვნებს, რომ ნაფიცი მსაჯულები ხარშილაძეს არ დაუჯერებენ, რადგან მან ხუთჯერ შეცვალა ჩვენება.
"ორი დღეა ისმის, რომ დუმილის დარღვევას აპირებენ ბრალდებულები და სიმართლე უნდა თქვან სასამართლოში. მათ ხუთჯერ შეცვალეს ჩვენება. ერთხელ რომ კაცი მოიტყუება იმ კაცის სიტყვას ფასი აქვს? ეს პირები არიან დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ", - განაცხადა რეზო ნადოიმ საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში შესავალი სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, 2005 წლის 2 თებერვალს 12-ის ნახევარზე ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია სახლიდან გაიყვანეს და მიიყვანეს საეჭვო ბინაში, რაშიც მონაწილეობდნენ ხარშილაძე და ძაძამია, რომლებმაც დაცვის გარეშე დატოვეს დასაცავი ობიექტი.
,,საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება და დადგა ეს შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი შედეგი არ დადგებოდა. მათ დაარღვიეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც ავალდებულებდათ მაღალი თანამდებობის პირის დაცვას, ასევე დაცვითი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ დაცვის წევრს ეკრძალება დასაცავი ობიექტის დაცვის გარეშე მიტოვება", - განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, არსებითი განხილვის პირობებში კითხვები იქნება დასმული ბრალდებულ ხარშილაძის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რაზეც დაცვის მხარე აპელირებს, რომ ზურაბ ჟვანიას რთული ხასიათი ჰქონდა. რეალურად კი, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ხარშილაძისა და ძაძამიას დაცვის ობიექტი ზურაბ ჟვანია ყველაზე უპრობლემო ადამიანი იყო.
პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.