თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „კაბელების საქმის“ არსებითი განხილვა დაწიყო, რომელიც 3 სექტემბერს გაგრძელდება.
პირველ სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა, ასევე მოითხოვა საქმეზე მტკიცებულებების დართვა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ დაცვის მხარის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, აქამდე ბრალდების ხელთ არსებული მასალები ახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად საკმარისი არ არის და პროკურატურამ ახალი მასალების დართვა მოითხოვა, რათა ექსპერტიზა სრულყოფილად ჩატარდეს.
"ისმის კითხვა ეს ადამიანები რისთვის იყვნენ დაკავებულები. ბრალდების მხარე აღიარებს, რომ ის ექსპერტიზა, რის საფუძველზეც 5 პირი დააკავეს, არ არის სრულყოფილი. ჩვენ დამატებითი ექსპერტიზა მოვითხოვეთ, რაც საქმეს დაერთო", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
პროცესზე ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერები იმყოფებოდნენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა საქმე ბრალდებულების განთავისუფლებით დამთავრდება.
‘’ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, როგორც ქართული მართლმსაჯულებისათვის, ისე ზოგადად პოლიტიკური მნიშვნელობის პროცესი, ვინაიდან ეს საქმე დამთავრდება იმით, რომ კაბელების საქმეზე ყველა ბრალდებულს გაამართლებენ და აბსოლიტურად ყველა, ვინც შეთითხნა და შექმნა ეს საქმე მათ წინააღმდეგ, უნდა იქნას დასჯილი’’, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.