,,ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს. ორგანიზაციის განმარტებით, 2015 წლის 26 მარტს IDFI-იმ მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 1 აპრილიდან განცხადების მიღების მომენტამდე დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად 2015 წლის 16 აპრილს სამინისტრომ წარმოადგინა ხსენებულ პერიოდში დაფინანსებული ყველა პროექტის შესახებ ინფორმაცია. მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს მიერ გაცემულმა დაფინანსებამ სულ შეადგინა 7 410 636.54 ლარი. (პროექტები, რომლებზეც თანხა გამოყოფილია უცხოურ ვალუტაში, ჩვენს მიერ გადაყვანილია ეროვნულ ვალუტაში ხელშეკრულების გაფორმების თარიღისათვის არსებული კურსის მიხედვით).
სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის ყველაზე დიდი თანხა - 4 053 062.15 ლარი მოხმარდა კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას (ფესტივალი, სპექტაკლი, გამოფენა, კონცერტი).
სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების ფინანსურ მხარდაჭერაზე მათ შორის საზღვარგარეთ სწავლა, საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში (ვორკშოპები, გამოფენები, კონკურსები) მონაწილეობის მიღება, გაწეული ხარჯები შეადგენს - 1,309,428.51 ლარს. 2014 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით სამინისტროს მიერ სულ დაკმაყოფილდა ამგვარი 101 წინადადება, რომელთაგან საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებულია 25 მათგანი.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, სამინისტროს მიერ ყველაზე ხშირად დაფინანსდა ბერკლის სამუსიკო კოლეჯსა (აშშ) და ლუგანოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (შვეიცარია) სწავლა/ცხოვრება. ბერკლის კოლეჯში სწავლისა და ბინის საფასურის გადახდისთვის საკვლევი პერიოდის განმავლობაში 4 პირისთვის სამინისტრომ 216 602.42 ლარი გადაიხადა. ლუგანოს უნივერსიტეტში დიზაინის ფაკულტეტზე (ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია/კონსერვაციის დეპარტამენტი) სწავლისათვის დაფინანსებულია 2 პირი და გადახდილი თანხა ერთად 77 804.2 ლარს შეადგენს.
ყველაზე მცირე დაფინანსება აღნიშნულ პერიოდში (2014 წლის 1 აპრილი - 2015 წლის მარტი) სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა გამოცემების, თარგმანებისა და ბეჭდვისთვის (568 149.90 ლარი - 8%). 2014 წელს შპს ტაია ფილმსს „სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი ვეფხისტყაოსანი“ კონსტრუქციის მომზადებისთვის 139 950 ლარი გადაეცა.
სხვა სახის პროექტების, დაფინანსებამ აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 1 461 995.23 ლარი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის მარტამდე დაფინანსებული პროექტებიდან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტების სიაში ლიდერობს ჯაზ ფესტივალები, რომლის ორგანიზებისთვის შპს ისთერნ პრომოუშენს 1 003 984 ლარი გადაერიცხა (400 839 ლარი 2014 წელს თბილისის ჯაზ ფესტივალისთვის, 603 145 ლარი 2015 წლის ბათუმის ჯაზ ფესტივალისთვის). საინტერესოა, რომ ამჟამინდელი კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, მინისტრის თანამდებობამდე გახლდათ შპს ისთერნ პრომოუშენის დირექტორი.
IDFI-ის განმარტებით, მაღალბიუჯეტიანი ღონისძიების სიაში გახლავთ „სიტი ფესტივალის“ (კომპანია დაფუძნდა 2015 წლის 2 თებერვალს, ხოლო სამინისტროსგან დაფინანსება პროექტის თაობაზე მიიღო 2015 წლის 2 მარტს) მიერ ორგანიზებული "სითი საუნდი" (364 741 ლარი), სსიპ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის (დამფუძნებელი და დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის ამჟამინდელი დირექტორი) მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (225 000 ლარი) და საქართველოს კულტურის პალატის (დაარსდა 2013 წლის 3 აპრილს დავით ოქიტაშვილისა და კახა ბაინდურაშვილის თაოსნობით) მიერ ორგანიზებული ლიანა ისაკაძის ხელმღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ (200 000 ლარი).
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მხარდაჭერით პროექტ “სითი საუნდის” ფარგლებში ტარდება ფესტივალი „4GB“ და ელექტრონული მუსიკის ვორკშოპების სერია. როგორც განცხადებიდან ირკვევა, “სიტი ფესტივალი” სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ელექტრონული მუსიკის ივენთებისა და ვორკშოპების სერიას და წლის განმავლობაში 6 დიდი ღონისძიება გაიმართება.
მაღალბიუჯეტიან ღონისძიებების სიაშია ააიპ "საქველმოქმედო ფონდი ხელოვანების თანადგომისთვის" მიერ ორგანიზებული პროექტი სახელოვნებო სკოლები დევნილთა დასახლებაში (228 000 ლარი). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2011 წელს აღნიშნულ ფონდს ფუნქციონირებისათვის და საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებისთვის სამინისტროდან 502 500 ლარი გამოუყვეს, ხოლო 2013 წლის ნოემბრის თვეში 37 000 ლარი ააიპ დევნილთა სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის.
2014 წელს სამინისტრომ 170 000 ლარით დააფინანსა შპს სინეტექის (რომლის 40%-იან წილს ფლობს საქ. კინემატოგრაფისტთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირი, 60%-იანი წილი ეკუთვნის ელდარ შენგელაიას) ფილმი ძველი კატამარანი.
2014 წელს შპს მოძრავი ფილარმონიის (100%-იანი წილის მფლობელი ბესარიონ ბერულაშვილი) კონცერტებისთვის რეგიონში (94 966 ლარი) და დამატებით 7 კონცერტისთვის (45 307 ლარი) სამინისტრომ სულ 140 273 ლარი გამოყო.
შპს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (2014 წლის 25 ნოემბრის მონაცემებით, შპს ინთერნეიშენალ ივენთსი კომპანიის 100%-იან წილს ფლობს) ორგანიზებით ჩატარებულ საქველმოქმედო საახალწლო საშობაო კონცერტისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 88 986 ლარი დაიხარჯა.