ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანის უგუნური გადაწყვეტილება და ქმედება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის.
კალაძე აცხადებს, რომ ის რაც აზერბაიჯანში მოხდა პროვოკაცია იყო და შესაბამისი სამსახურები მას ადეკვატურად გამოიძიებენ.
,,ეს იყო პროვოკაცია და შესაბამისი სამსახურები ადეკვატურად გამოიძიებენ და ყველა ადამიანი იქნება დასჯილი, ვინც მონაწილეობდა ასეთ პროვოკაციებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენიმე ადამიანის უგუნური გადაწყვეტილება და ქმედება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს", - განაცხადა კახი კალაძემ.
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს. ინცინდენტი უეფას ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრისას მოხდა, გაბალა თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა.
თავდაპირველად ერთიანი აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, მის შემადგენლობაში კი რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. საქართველოს დროშას კი ცეცხლი შეხვედრის 78-ე წუთზე წაუკიდეს.
მატჩის დასრულების შემდეგ კი ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს. კლუბში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ უეფასაც აცნობეს.