შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება მხადააა კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერის ლიკა კიკიანის საქმე პროკურატურას გადასცეს. მინისტრმა ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კლუბის ადმინისტრაციის მფლობელობაში არსებული კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
„გენინსპექციამ მოკვლევა დაამთავრა. მე ვთხოვე, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გაეკეთებინათ. ეს მოკვლევა დაიდო. მე დეტალებში არ ჩავალ, მაგრამ ალბათ, საჭიროდ არ ჩათვალა გენინსპექციამ, რომ ამ კამერების ჩანაწერები ამოეღო - ან იმ ადგილას არ იყო მომხდარი ინციდენტი ან ეს კამერები ვერ ხედავდა. დეტალებს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, თუ რამე კითხვებია, საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადავცეთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომელი ლიკა კიკიანი, რომელიც მის ცემაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს, ინციდენტის ამსახველი, სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალის მისთვის გადაცემას ითხოვს.