განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის ნინო ჭელიძის განცხადებით, საჯარო მოხელეთა სკოლა ერთ წელიწადში ჩამოყალიბდება და ყოველწიურად დაახლოებით 1 200-1 400 საჯარო მოხელეს გადაამზადებს.
სკოლის ორგანიზება განათლების საერთაშორისო ცენტრსა და მთავრობის ადმინისტრაციას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა დაავალა. ნინო ჭელიძის თქმით, საჯარო მოხელეთა სკოლა დაეხმარება საქართველოს, რათა საჯარო მოხელეები ევროპის სამუშაო სტანდარტებისთვის, საზოგადო პოლიტიკისთვის იყვნენ მზად.
"ამ სკოლას ექნება როგორც აუცილებელი, ისე თემატური ტრენინგები. სკოლა შესთავაზებს საჯარო მოხელეებს მომზადების იმ საშუალებას, რომელიც მათ დაწინაურებას შეუწყობს ხელს. ეს სკოლა გაკეთდება მსოფლიოს წამყვან სკოლებთან თანამშრომლობით. სკოლის კურუკულუმის და ადმინისტრაციის გამართვაში ისეთი ორგანიზაციები იქნებიან ჩართულები, როგორებიც არის გერმანიის ფედერალური ადმინისტრაციის სკოლა, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადმინისტრაციის სკოლა", - თქვა ჭელიძემ.
საჯარო სკოლა მოხელეთა სკოლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი ლარით დაფინანსდება.