სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა განმარტა, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების პატიმარი,1980 წელს დაბადებული დ.თ. როგორც მინისტრის მოადგილემ „2030“-ის ეთერში განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, ადგილი ჰქონდა სუიციდს, რადგან გარეგნული დათვალიერების შედეგად დაზიანების კვალი ცხედარს არ აღენიშნებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია.
„გარდა იმ საბოლოო დასკვნისა, ექსპერტი ასევე გარეგნულ დათვალიერებას ატარებს. გარეგნული დათვალიერების შედეგად დაზიანების კვალი ცხედარს არ აღენიშნებოდა. თავად პატიმრების ჩვენებებით ირკვევა, რომ ისინი ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
გარდა ამისა მინისტრის მოადგილემ დეტალურად აღწერა ვითარება, რომელიც წინ უსწრებდა მსჯავრდებულის გარდაცვალებას.
„პატიმარი გაყვანილი იყო გამომძიებელთან, სადაც მას ახალი ბრალი წარედგინა და როდესაც შებრუნდა, პატიმრები საჭმელს ჭამდნენ. ჰკითხეს: არ გშიაო? უპასუხა: არაო. იჯდა თავის საწოლზე და შემდეგ გავიდა საპირფარეშოში. მხოლოდ მას შემდეგ დაუკაკუნეს, როდესაც აბანოში გასვლის დრო დადგა. როდესაც იქიდან ხმა არ გაისმა, კარი შეამტვრიეს და ნახეს, რომ ტრაგიკულ მოვლენას ჰქონდა ადგილი.მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარება იყო გამოძახებული და მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით მას უტარდებოდა შოკური ტერაპია, მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.