12 ივლისს, კვირას, დუშეთის რაიონის სოფელ ხოშარაში (ფშავის არაგვის ხეობა) ლექსისა და კაფიის გასვლითი საღამო გაიმართება.
თსუ პროფესორის, ტრისტან მახაურისა და ხალხური პოეზიის მოყვარულთა საზოგადოების ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწლეობას მიიღებენ ხალხური მოლექსენი, მომღერლები,ზეპირსიტყვიერების მკვლევარნი და საზოგადო მოღვაწენი.
აღსანიშნავია, რომ არაგვის ხეობის ისტორიულ სოფელში, ამჟამად მხოლოდ ორი კომლი ცხოვრობს.
ახლო მომავალში, ხოშარის მთაზე დაგეგმილია ვაჟა-ფშაველას პოემის „ბახტრიონის“ პერსონაჟის, სანათას საფლავის საზეიმოდ გახსნა, რომლის ადგილსამყოფელიც დღემდე ფართო საზოგადობისთვის უცნობი იყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა და დასწრება შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც ხალხურ პოეზიასთან ერთად, გაუკაცრიელების პირას მისული მთის მხარდაჭერისა და სურვილი გააჩნია.
ღონისძიება ემთხვევა პეტრე- პავლობის დღესასწაულს. ცნობილია, რომ სწორედ ამ თარიღიდან იწყება რელიგიურ დღეობათა ციკლი ფშავ-ხევსურეთში, რომელიც ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
მთის ყველა სალოცავში დაირეკება ზარი და აღევლინება სარიტუალო ლოცვა-ვედრება, რომელსაც ადგილობრივი ხევისბერები შეასრულებენ.