საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია ბარამიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქართული საზოგადოება შულერულად „გადააგდო“. დეპუტატის ეს სიტყვები ირაკლი სესიაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელიც „არჩევანის“ ეთერში დიასპორებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავების დასრულებაზე ისაუბრა.
„ბიძინა ივანიშვილმა მთელი ქართული საზოგადოება შულერულად გადააგდო. 2,5 წლის თავზე გველაპარაკებიან, თურმე დიასპორებთან მიმართებაში კონცეფცია შექმნეს. კონცეფციას პროგრამის დამტკიცება მოჰყვება და პროგრამას ალბათ საზეიმოდ დაამტკიცებენ არჩევნების მოახლოების პერიოდში, როდესაც ამ ადამიანებს ჰპირდებოდნენ, რომ ყველას დაგაბრუნებთო, ისევე როგორც ყველას ჰპირდებოდნენ, რომ ყველას დაგასაქმებთო მაღალანაზღაურებად სამსახურებში და ყველას გაგისტუმრებთ კრედიტებსო“, - განაცხადა ბარამიძემ.
პირდაპირ ეთერში ჩართვისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბიუჯეტის კორექტირების თემასაც შეეხო.
„ხელისუფლება აბალანსებს თავის გარღვეულ ბიუჯეტს იმით, რომ კიდევ იღებს ვალებს. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც საბერძნეთის მთავრობას მოუვიდა ეს უბედურება. იმის ნაცვლად, რომ შეამციროს საერთო ეროვნულ პროდუქტთან მიმართებაში ვალის პროცენტული რაოდენობა, ეს მთავრობა ახლა შემოდის ინიციატივით, რომ ნაცვლად 37% (რომელიც ახლა არის) ვალი უნდა გახდეს 43%. ანუ ვალი იზრდება როგორც აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე პროცენტულად. ეს არის ერთ-ერთი იმის საფუძველი, რომ ინვესტორები არ ენდობიან საქართველოს“, - აღნიშნა გია ბარამიძემ.