უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სამთავრობო კომისიის წევრებმა სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის ვადებისა და ფორმების შესახებ იმსჯელეს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისგან აღნიშნული საკითხის გარშემო განმარტებები მოისმინეს.
ამასთან, კომისიის წევრებმა სხდომაზე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის განხორციელებული საქმიანობებიც შეაჯამეს და მიმდინარე სამუშაოებზე იმსჯელეს.
კომისია მუშაობს სტადიონის ინფრასრუქტურის გაუმჯობესებაზე, რათა „დინამო-არენამ“ უეფას ყველა თანამედროვე სტანდარტი დააკმაყოფილოს. მონტაჟდება ახალი, თანამედროე სტანდარტებზე მორგებული ინდივიდუალური სკამები და მედია ტრიბუნა ეწყობა უეფას სტანდარტების სრული დაცვით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს, დილის 09:00 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონის ახლად აშენებულ სალაროში დაიწყება.
ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ბილეთების ფასები 18, 35 და 75 ლარი იქნება. სულ გაყიდვაში იქნება 22 ათასი ბილეთი.