ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ გაფარდოვდა და მას ახალი პროგრამები დაემატება, მათ შორის კინოს გადაღების წახალისების პროგრამა.
,,შემოვიდა ახალი კომპონენტი - საქართველოში კინოს გადაღების წახალისების პროგრამა, რაც ასევე მოიცავს გარკვეულ ფინანსურ კომპონენტებს ამ დარგის წახალისებისთვის, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში არსებული ამ სფეროს პოტენციალი გამოყენებული იქნება“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების კოორდინაციით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედება დაიწყო. ეს პირველი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში მეწარმეობის წახალისებაზე, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნასა და უკვე არსებულის გაფართოება-გადაიარაღებაზე.