UEFA-ს სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით, დღეს, სამთავრობო კომისიის ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ დრომდე გაუგებარია, როგორ შეძლებს გულშემატკივარი მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენას.
„სამთავრობო კომისიის ფარგლებში, დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა. აუცილებლად დავიბარებთ ფედერაციის ხელმძღვანელობას, რადგან გვაინტერესებს, გავაცნოთ საზოგადოებას, თუ რა იქნება ბილეთებთან დაკავშირებით. რადგან ძალიან დიდია მოლოდინი და გაუგებარია, უბრალოდ, თუ როგორი იქნება ბილეთების ბედი. როგორ შეძლებს გულშემატკივარი ბილეთების ყიდვას. დღეს გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა“, - განაცხადა კალაძემ.
UEFA-ს სუპერთასის ფინალთან დაკავშირებით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ვიცე-პრემიერი კახი კალაძეა. UEFA-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩი „დინამო არენაზე“ 11 აგვისტოს გაიმართება, სადაც ერთმანეთს „სევილია“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან.