უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის მატჩის ბილეთების გადამყიდველებზე სანქციები გავრცელდება. მატჩთან დაკავშირებით აკრძალვები დღეს პრესკონფერენციაზე "საქპატენტის" თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ განმარტა.
მისი თქმით, კანონით აკრძალულია უეფა-ს ლოგოს უნებართვო გამოყენება, პროდუქციაზე დატანა და გაყიდვა, უნებართვოდ მატჩის საჯარო ჩვენება, მატჩის ბილეთების გადაყიდვა ან გათამაშება.
მისივე თქმით, კანონდამრღვევის მიმართ იმოქმედებს სანქცია უკანონო საქონლის ჩამორთმევის, დაჯარიმების, ხოლო, დიდი რაოდენობის უკანონო საქონლის შემთხვევაში იქმოდებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით. მისივე თქმით, ეს ეხება მათ შორის ბილეთების გადაყიდვასაც.
როგორიც გოგილიძე განმარტავს, ბილეთების გადამყიდველს ბილეთები ჩამოერთმევა და შესაძლოა დაჯარიმდეს, ხოლო ის ბილეთები გაყიდვიდან გაუქმდება. რაც შეეხება მატჩის ბარებში ჩვენებას, "საქპატენტის" თავმჯდომარის თქმით, ეს დაშვებული იქნება ბარში არსებული ტელევიზორების მეშვეობით. მისივე თქმით, ჩვენება აკრძალულია იმ შემთხვევაში თუ დამონტაჟდება სპეციალური ეკრანი და ბარში შესვლაზე თუ დაწესდება სპეციალური ფასი.
"დინამო არენას მიმდებარე ქუჩებზე, ვერის პარკის და მეიდნის მიმდებარე ქუჩებზე, სადაც გულშემატკივართა შეკრების ადგილებია, უეფა-ს ოფიციალური სპონსორების გარდა, ყველა სხვა კომპანიის ნებისმიერი სარეკლამო აქტივობა, ნებისმიერი ტიპის გარევაჭრობა, კაფე-ბარებისა და მაღაზიების მიერ უეფა-ს მატჩის სარეკლამო მიზნით გამოეყენება ასევე კანონით აკრძალულია", - განაცხადა გოგილიძემ.
მისივე თქმით, კანონდარღვევების გამოვლენასთან დაკავშირებით იმუშავებენ უეფა-ს სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც დარღვევის შესახებ ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს მიაწვდიან და საკოორდინაციო საბჭო შესაბამის ზომებს მიიღებს. ამ საბჭოში შედიან შს სამინისტრო, მერია, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქპატენტი.
გარდა ამისა, სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით უეფა-ს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით "საქპატენტი" იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოებას განემარტოს ის ქმედებები, რომელიც კანონითაა აკრძალული და ასევე მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებთან დაკავშირებით.
ასევე შეიქმნა სოციალური რგოლი, რომელიც სპეციალურად დამზადდა ამ ღონისძიებისთვის, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც საინფორმაციო ფლაერებს დაურიგებს და განუმარტავს ზემოთნახსენებ განსაზღვრულ პერიმეტრზე მოქმედ მაღაზიებისა და კაფე-ბარების თანამშრომლებს რა ქმედებები იკრძალება კანონით. კამპანიის ფარგლებში, "საქპატენტის" თანამშრომლები შეხვდებიან კერძო კომპანიებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, რომ თავიდან აცილებული იქნას დარღვევები.
ბილეთების გაყიდვა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დაიწყება - პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი რეალიზაციამდე 48 საათით ადრე გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, ტექნიკური ხარვეზის გამო, ბილეთები, ონლაინ რეჟიმის ნაცვლად, სალაროში გაიყიდება. თბილისში 22 000-მდე ბილეთის რეალიზაცია იგეგმება.
უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.