თბილისის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია აფაქიძის №13 მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით წესრიგში იყო. როგორც მან „2030“-ის ეთერში განაცხადა, სამშენებლო კომპანიამ ნებართვის გაცემისთვის საჭირო საექსპერტო დასკვნებიც წარმოადგინა. გარდა ამისა, გეგი ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს ასეთ მშენებლობებს, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ტექნოლოგიურ პროცესებში ვერ ერევა.
„რაც შეეხება ნებართვის საკითხს სამშენებლო კომპანიას სრულად აქვს წარმოდგენილი სამშენებლო საქმიანობის დოკუმენტაცია. ჩვენს მიერ შემოწმებული იყო ეს ობიექტი დოკუმენტალური კუთხით. მათ წარმოგვიდგინეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნები. ჩვენი სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს ასეთ მშენებლობებს, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ტექნოლოგიურ პროცესებში ვერ ერევა შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე“, - განაცხადა გეგი ნიჟარაძემ.
პირდაპირ ეთერში ჩართვისას მან ასევე აღნიშნა, რომ „სანამ გამოძიება არ დასრულდება მშენებლობა შეჩერდება“.