ცესკოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორგანიზაციები ცესკოს საპილოტე პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა - 2015“-ის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებაზე თანხმდებიან. მემორანდუმს ხელი დღეს ცესკოს და საიას თავმჯდომარეებმა - თამარ ჟვანიამ და ანა ნაცვლიშვილმა მოაწერეს.
აღნიშნული თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებით მხარეები მზად არიან ხელი შეუწყონ სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას, არჩევნების პოპულარიზაციას საზოგადოების ფართო წრეებში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მოწყვლად ჯგუფებსა და უმცირესობებში. აღნიშნული მიზნების მისაღწევად მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ პროექტის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის ფარგლებში.
„საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ 13 ივლისიდან ამოქმედდება, სადაც 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდები 10 დღის განმავლობაში, საარჩევნო საკითხებზე მიიღებენ ცოდნას, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია საპილოტე პროექტს სწავლების ცენტრთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.