დეპუტატები „ოჯახური მდგომარეობის“ გამო სხდომების გაცდენას ვეღარ შეძლებენ. ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომელის განხილვასაც კანონმდებლები მიმდინარე კვირიდან დაიწყებენ. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო რამდენჯერმე ჩაიშალა. ცვლილების დამტკიცების შემდეგ დეპუტატებს სხდომის გაცდენა მხოლოდ მივლინების და ავადმყოფობის გამო შეეძლებათ. რეგლამენტში გაწერილია, რომ დეპუტატებს არასაპატიო მიზეზით თვეში მხოლოდ ერთი სხდომის გაცდენის უფლება აქვთ. მეორე გაცდენის შემთხვევაში კი მათ ხელფასის 10 პროცენტი ჩამოეჭრებათ. ცვლილებებით ასევე დგინდება ის გაემოებაც, რომ გამცდენი დეპუტატების სია ყოველთვიურად გამოცხადდება პლენარულ სხდომაზე.