ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე უარყოფს ვიცე–პრემიერ კახი კალაძის მხრიდან ფედერაციაში მოახლოებულ არჩევნებში ჩარევის ფაქტს. გარდა ამისა, „რეაქციის“ ეთერში რევაზ არველაძემ არ დაადასტურა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კალაძესა და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა.
„მე დღეს არ ვიტყვი, რომ ენერგეტიკის მინისტრი ერევა ფეხბურთში. ვინმე თუ ჩაერევა ყველაფრს ვიტყვი, ახლა რატომ უნდა ვთქვა, როცა არანაირი ფაქტი არ არის იმის, რომ მე ვინმე რაღაცას მიკრძალავს ან ხელს მიშლის. არავისთან ურთიერთობა არ დამძაბვია, ჩემი ცხოვრების წესი არავისთან ურთიერთობის დაძაბვას არ განიხილავს, მითუმეტეს იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ფეხბურთი მითამაშია და ცხოვრების რაღაც ნაწილი გამიტარებია“, – განაცხადა რევაზ არველაძემ .
ამასთანავე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მოქმედი ხელისუფლება ფედერაციის არჩევნების საკითხს არ განიხილავს პოლიტიკურ ჭრილში.
„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა და სახელმწიფო ამას შეხედავს როგორც სპორტის ერთი სფეროს შიდა არჩევნებს... რამოდენიმე ფედერაციებში არჩევნების დროს იყო ცალკეული ადამიანების მცდელობა [ჩარევის], მაგრამ იმ სამყარომ, რომელ სამყაროსაც ეკუთვნოდა ეს არჩევნები, აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება მიიღო და სხვანაირი არჩევნები ჩაატარა“, – აღნიშნა არველაძემ.