პარლამენტის თავმჯდომრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შსს რეფორმას ახლა ის ადამიანები ეწინააღმდეგენიან , ვინც ადრე სწორედ ამას ითხოვდა. მისივე თქმით, ყურადღებით ხდება იმ შენიშვნების მოსმენა, რომელიც გასათვალისწინებელია და რომელიც გააუმჯობესებს ამ სისტემას.
„გვეუბნებიან, რომ ცვლილება არ არის საჭირო. რატომ? იმიტომ, რომ კარგად მუშაობდა ეს სისტემა და კმაყოფილები ვიყავით? ის ამბები, რომელიც ყველამ ვიცით გავაგრძელოთ და არ შევცვალოთ? ჩვენ ძალიან ყურადღებით ვისმენთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც გასათვალისწინებელია და რომელიც გააუმჯობესებს ამ სისტემას, მაგრამ, ჩემთვის, პირადად, სრულიად გაუგებარია და გასაოცარია არა ჩვენი ოპონენტების წინააღმდეგობა „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმიტომ, რომ საკუთარი პირმშოს გაუქმება მათ არ სურთ; იმიტომ, რომ მათთვის პოლიცია იყო ხერხემალი საზოგადოების და პოლიციას უნდა ემართა ჩვენი თავი. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ამ უწყებას თავისი დანიშნულება აქვს და მივდივართ ამ გზით, ამიტომ მათგან ეს არ მიკვირს, რომ საკუთარ პირმშოს ასე უფრთხილდებიან. მე ცოტა მიკვირს იმ ხალხისგან, რომელიც ამდენ ხანს ზუსტად ამას ითხოვდა, რომ აუცილებელია ამის გაყოფა და დღეს გვეუბნებიან, რომ არ გავყოთ. რატომ? თუ რამე კონკრეტული შენიშვნაა, კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა უკვე ორჯერ, ორ-ორი დღის განმავლობაში, 10-12 საათიან სხდომაზე. თითოეული წინადადება, რაც არის შემოსული ან მათზე პასუხია გაცემული, ან გათვალისწინებულია კანპონპროექტში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატები რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების ფარგლებში, სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.