ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი რომეო როგავა დამნაშავედ სცნო.
მოსამართლემ ამირან ჯანაშიას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საბოლოოდ, ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 3 წლითა და 9 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და განესაზღვრა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით. რომეო როგავას 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საბოლოოდ, ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
სასამართლოზე დადგენილ იქნა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამირან ჯანაშიას და რომეო როგავას მხრიდან სისტემატურად ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა გაშიშვლება და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება smo.ge იუწყება, ორივე პირი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
ზუგდიდის ციხის ყოფილ ჩინოვნიკებს ბრალი ედებოდათ ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. ამირან ჯანაშია 2013 წლის 17 იანვარს დააკავეს. იგი 30 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
როგოორც ამირან ჯანაშიას და რომეო როგავას ადვოკატები აცხადებენ, მოწმეთა ჩვენებები სასამართლოზე ზედმეტად ემოციურადაა წარმოდგენილი. მათივე მტკიცებით, ციხის დირექტორის და ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების მიმართ მკაცრი მოპყრობა მიზნად ისახავდა ციხეში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის დამარცხებას. თავად ამირან ჯანაშია თავს დამნაშავედ არ ცნობს.
სასამართლოს დარბაზშივე დაკავებულ, ზუგდიდის ყოფილი სასჯელაღსრულების, ასევე ყოფილ უფროსს ამირან ჯანაშიას სასამართლომ 3 წელი და 9 თვე შეუფარდა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბრისას ჯანაშიას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, რომ ერთ თვეში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.