უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაციას კიდევ უფრო გააძლიერებს.
„პუტინის ტაქტიკა კონფლიქტის მაქსიმალურად შესაძლო ესკალაციას გულისხმობს და ის ამას გააკეთებს. ტრამპის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი ამას კიდევ უფრო მეტად გააკეთებს“, - განაცხადა ზელენსკიმ ესპანურ გამოცემა EL PAÍS-თან ინტერვიუში.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მიზანია, უკრაინა ქაოსში ჩაითრიოს და მოსახლეობაში დემორალიზება გამოიწვიოს. მისი განცხადებით, რუსეთის დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ლოგისტიკაა, მათ შორის პირველადი საჭიროების ნივთების - საკვებისა და სამედიცინო საშუალებების მიწოდება.
„მსოფლიოს შეუძლია ენდოს კრემლის გზავნილებს და იმას, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პუტინი მოქმედებებს გააძლიერებს, რათა თავისი ძალა აჩვენოს“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთს ევროპის არ ეშინია და სანქციების გამო მნიშვნელოვანი ზეწოლა არ განუცდია, ამიტომ მოსკოვი საკუთარ გზავნილებს, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისკენ მიმართავს.
„რუსეთს ევროპელების არ ეშინია, სანქციების გამო არ იტანჯება და, რა თქმა უნდა, თავის გზავნილებს, უპირველესად, შეერთებულ შტატებს უგზავნის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.