საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას განცხადებით, საჯარო სამსახურის შესახებ სისტემა, საქართველოში პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას ქარდავამ აღნიშნა, რომ კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის სიგმას ექსპერტების ჩართულობით, ასევე, მოხელეებისა და აკადემიური წრეების ჩართულობით და ემყარება ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებს.
„კანონი ემყარება ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებს და საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ საქართველოში ერთიანი საჯარო სამსახურის სისტემა და გვყავდეს პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც დამსახურებაზე ორიენტირებული სისტემის საფუძველზე თავის კარიერულ განვითარებას განახორციელებს. შესაბამისად, ეს სისტემა უზრუნველყოფს საქართველოში პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ქარდავამ.
როგორც ქარდავა განმარტავს, პირველ რიგში, საჯარო სამსახურებში დასაქმების სისტემა მოწესრიგდებს და უფრო გამჭვირვალე გახდება. მისი თქმით, ეს საზოგადოების მხრიდან საჯარო სამსახურის მიმართ ნდობის ამაღლებას უზრუნველყოფს.
ქარდავა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურებში მოხელეს ექნება უფრო მყარი გარანტიები.
„საჯარო სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოხელეს გათავისუფლება დაექვემდებარება მხოლოდ კანონში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს. წესრიგდება ასევე პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო. პრემია იქნება მხოლოდ წახალისების ფორმა და მიბმული იქნება სამუშაოს შედეგებზე. დანამატის გაცემა მხოლოდ კლასის გათვალისწინებით იქნება დაშვებული“, - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.