ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ადრეულ ეტაპზე რატიფიცირება. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარემ პატ ბრინიმ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
პარალემნტის ინფორმაციით, ირლანდიელმა სტუმარმა საქართველოში ვიზიტი ისტორიულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის მისი პირველი სტუმრობა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესის ნაწილია. მანვე პარლამენტის თავმჯდომარეს ირლანდიელი კოლეგის მოკითხვა გადასცა და 13 ივნისს თბილისში სტიქიური მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა მიმართ სამძიმარი გამოუცხადა.
დავით უსუფაშვილმა მადლობა მოახსენა ირლანდიელ კანონმდებელს მისი ქვეყნის მტკიცე პოზიციისთვის, რომელსაც ირლანდია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ იჩენს. მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ერთგვარი საფეხურია ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების პროცესში, რასაც შემდგომი შეხვედრები და პოლიტიკურ წრეებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება მოჰყვება. პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ირლანდიის მხარის მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კონფლიქტური ზონების მიმდებარე დასახლებებში მშვიდობის უზრუნველსაყოფად მონიტორინგის მისია მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნულ თემას შეხვედრაზე პატ ბრინიც შეეხო და განაცხადა, რომ ირლანდიას საკუთარი ისტორიიდან გამომდინარე, კარგად აქვს გაცნობიერებული კონფლიქტური სიტუაციების არსი და თავისი წვლილი შეაქვს მშვიდობის დამყარების პროცესში.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყნას შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს და ირლანდიას სოფლის მეურნეობის განვითარების ძლიერი პოტენციალი აქვს და ამ კუთხით ურთიერთობების გაძლიერება ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს შორის კომუნიკაციების გაძლიერებას, ასევე სავაჭრო ურთიერთობების და განათლების სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებებსაც. ურთიერთობების დამყარების პროცესში, ირლანდიელი სტუმარი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, გია ზურაბიშვილის პროფესიულ საქმიანობას შეეხო და აღნიშნა, რომ კონტაქტების დამყარების ხელშეწყობაში დროებითი რწმუნებული აქტიურად არის ჩართული და საქართველო-ირლანდიის თანამშრომლობის გამტკიცებისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი წერეთელი, სტუმრებიდან კი საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის ერთობლივი კომიტეტის წევრი, ერიკ ბირნი და ამავე კომიტეტის მდივანი, ნოელ მარფი დაესწრნენ. ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 5 ივლისამდე დარჩება.