biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის გიორგი ჩხიკვიშვილი ირწმუნება, რომ გადამყიდველებისგან შეძენილი ბილეთებით სტადიონზე ვერავინ მოხვდება.
ჩხიკვიშვილი განმარტავს, რომ biletebi.ge-დან ნაყიდ ბილეთებზე დატანილია სახელი და გვარი და იდენტიფიკაციის კიდევ სხვა რამდენიმე ნიშანი, რომლით სარგებლობა მყიდველის გარდა სხვა პირს არ შეუძლია.
"ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ასეთი ბილეთის ყიდვის შემთხვევაში ადამიანი სტადიონზე ვერ მოხვდება. შესასვლელთან მოხდება ყველა ბილეთის შემოწმება. თან ადამიანმა, რომელმაც ჩვენ ვებგვერდზე ერთი ბილეთი იყიდა შეიძლება ამობეჭდოს და სხვა ადამიანებს მიყიდოს, მაგრამ ვიმეორებ ეს ადამიანები ასეთი ბილეთებით სტადიონზე ვერ მოხვდებიან, თუ მათი პირადი მონაცემები ბილეთზე დატანილს არ დაემთხვევა,"- აცხადებს biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი ,,რუსთავი 2-თან” საუბარში.
,,mymarket.ge” -ზე ბარსელონა-სევილიას თამაშის 75-ლარიანი ბილეთები 300 აშშ დოლარად იყიდება. ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ბილეთის მფლობელმა ლაშამ განცხადა, რომ UEFA-ს სუპერთასზე დასასწრები ბილეთების შეძენა გუშინ მას შემდეგ მოახერხა, რაც biletebi.ge-მ საერთაშორისო გაყიდვებისთვის 4300 ბილეთი გამოიტანა.
,,ვყიდი 8 ბილეთს 300 აშშ დოლარად, უკვე იმდენმა დამირეკა, რომ ალბათ ფასს არ დააკლდება. ბილეთები გუშინ მე და ჩემმა მეუღლემ ორი ბრუზერით მას შემდეგ შევიძინეთ რაც B biletebi.ge-მ საერთაშორისო გაყიდვებისთვის 4300 ბილეთი გამოიტანა, რიგში 922-ე ვიყავი”, _- განაცხადა ლაშამ.
კითხვაზე - როგორ უნდა შეძლოს დაინტერესებულმა პირმა ბილეთის შეძენა, მან განაცხადა, რომ ეს უნდა მოხდეს სტადიონზე, რადგან იქ მოხვედრა მხოლოდ მასთან თანხლებითაა შესაძლებელი.
,, აქ ნდობის ფაქტორი უნდა იყოს მე ვიქნები თქვენთან და მე შეგიყვანთ სტადიონზე და ალბათ მაშინ მოხდება. ელექტრონული პოსტიდანაც კი წავსალე ბილეთი რომ ვინმემ მეილი არ გატეხოს”, _აცახდებს ბარსელონა- სევილიას თამაშის 75-ლარიანი ბილეთების მფლობელი ლაშა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს, 22:45 საათზე,"დინამო არენაზე" "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება.