დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დედაქალაქის საკრებულოს წევრებს ქალაქის რაინების ახალ ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფის პროექტი წარუდგინა.
უგულავას განცხადებით, პროექტის მიზანია მოსახლეობისათვის მომსახურების გამარტივება, იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავისივე უბანში მარტივად და დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის სოციალური, იურიდიული და სხვა მუნიციპალური მომსახურეობა.
ქალაქის მასშტაბით არსებულ 6 რაიონულ გამგეობაში 30 ასეთი ერთეული შეიქმნება. ძველი თბილისის რაიონში შეიქმნება სამი ერთეული: მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალა; ვერა, თამარ მეფე, აღმაშენებელი; ქვედა ჩუღურეთი, ავლაბარი.
ვაკე საბურთალოს რაიონში ექვსი ტერიტორიული ერთეული შეიქმნება: ვაკე, ბაგები; ვაჟა-ფშაველას კვარტლები; ნუცუბიძის მიკრორაიონები; დიღომი, ვაშლიჯვარი; ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქუჩა; კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი.
ისანი-სამგორის რაიონში ყველაზე მეტი _ ცხრა ტერიტორიული ერთეული შეიქმნება: კრწანისი, ფონიჭალა; ზემო ავლაბარი, მეტრომშენი; ნავთლუღი; ვაზისუბანი, მე-8 ლეგიონი; ვარკეთილი; მესამე მასივი; ორხევი, აეროპორტი; ლილო; ქვემო სამგორი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში სამი ტერიტორიული ერთეული შეიქმნება: ზემო ჩუღურეთი; დიდუბე; დიღმის მასივი.
გლდანი-ნაძალადევის რაიონში 8 ტერიტორიული ერთეული შეიქმნება: ძველი ნაძალადევი, ლოტკინი; ნაძალადევი; სანზონა; თემქა; ავჭალა, გლდანის ხევი; გლდანის ლუწი მიკრორაიონები; გლდანის კენტი მიკრორაიონები; მუხიანი.
დიდგორის რაიონში ერთი ტერიტორიული ერთეული _ დიდგორი ჩამოყალიბდება.
"თითოეულ ტერიტორიულ ერთეულს გამგებლის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, რომელიც კონკრეტულად იმ უბნის მაცხოვრებელი იქნება და უშუალოდ რაიონის გამგებელს დაექვემდებარება. გამგებლის წარმომადგენლები ქალაქის მთავრობის სხდომებს დაესწრებიან და საკუთარი უბნის პრობლემატურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე პირადად ისაუბრებენ.", _ განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უულავას მიერ წარდგენილ ცვლილებებს საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.