საბერძნეთის მთავრობა თანამოქალაქეებს რეფერენდუმზე გონივრული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ქვეყნის მცხოვრებლებს ტელევიზიით პრემიერმა ციპრასმა მიმართა. მისი თქმით, ელექტორატმა ხმა ევროკავშირისა და საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნების წინააღმდეგ უნდა მისცეს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობას ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარება მოუწევს. მოლაპარაკებები ათენსა და ფინანსურ დონორებს შორის გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა. საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მილიარდნახევრიანი ტრანში ვერ გადაურიცხა, რის გამოც დეფოლტი გარდაუვალი გახდა. დონორები ათენთან მოლაპარაკების განახლებაზე რეფერენდუმის დასრულებამდე უარს აცხადებენ.