თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ვერეს ხეობის „ახალი“ გზის მონაკვეთზე წყალგამტარი გვირაბის ნაცვლად ხიდი აშენდება. როგორც დავით ნარმანიამ „2030“-ის ეთერში განაცხადა, ინფრასტრუქტურის აღდგენის მოკლევადიანი გეგმა 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.
„პირველი ეტაპი - ეს არის, როცა 15 სექტემბრამდე აუცილებლად უნდა აღვადგინოთ მოძრაობა მდინარე ვერეს ხეობაში, სხვა შემთხვევაში ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება. <..> იმისათვის, რომ ჩვენ უსაფრთხოების სტანდარტები ავწიოთ, სადაც შევიწროებული იყო მდ. ვერეს ხეობა და გვირაბში იყო გატარებული მდინარე (სადაც ყველაზე დიდი ზიანი მივიღეთ და გზა გასკდა), იმ ნაწილში იქნება გაკეთებული ხიდი, ანუ მდინარე თავისუფლად იმოძრავებს, შესაბამისად მაღალი წნევით ინფრასტრუქტურის დაზიანება არ იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთანავე დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ საამშენებლო ღონისძიებები განგაშის წინასწარი შეტყობინების სისტემებთან ერთად ვერეს ხეობაში არსებულ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.