29 აპრილს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში პრემიის "ვარსკვლავი" ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრიდან აცნობეს, დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ დაგეგმილია გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პრემიის ნომინანტები - ამერიკის ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე დევიდ ჰოლბერგი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი ნინო გოგუა, ასევე კონცერტში, ლაურეატებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი და თბილისის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტები.
შეგახსენებთ, რომ ცნობილმა შვეიცარიელმა იუველირმა ჟილბერ ალბერმა და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ახალგაზრდა ნიჭიერი მოცეკვავეებისათვის (25 წლამდე) საერთაშორისო პრემია 2008 წელს "ვარსკვლავი" დააარსეს.
პრემიის გაცემა წელს მეორედ ხდება. 2008 წელს პირველი ლაურეატები ევგენია ობრაზცოვა (მარიის თეატრი, სანკტ-პეტერბურგი) და ლაშა ხოზაშვილი, (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი. Aამჟამად სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი) გახდნენ.