ბილეთები სუპერთასის ფინალზე სალაროებში გაიყიდება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ „არჩევანის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით UEFA-მ მიიღო.
„პირველად დიდ თამაშზე ბილეთები გაიყიდება სალაროებიდან, - განაცხადა სიჭინავამ და დაამატა: დღის განმავლობაში გვქონდა UEFA-სთან მიმოწერა, სადაც ჩვენ ვითხოვდით bileTebi.ge-სთან ურთიერთობის შეწყვეტას. საბოლოოდ, ნახევარი საათის წინ სიტყვიერი პასუხი მივიღეთ და ამ პროცესიდან bileTebi.ge გამოერთო. ეს გადაწყვეტილება UEFA-მ მიიღო.“
ამასთანავე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბილეთების ბეჭდვის პროცესი ხვალიდან დაიწყება.
გარდა ამისა, ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ამ დროისათვის ვებ-საიტის მეშვეობით 2000-მდე გაყიდული ბილეთი მყიდველებს შეუნარჩუნდებათ.