,,ახალი პოლიტიკური ცენტრი“ საგადასახადო სფეროში საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით გამოდის.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სადაგასახადო ორგანოს შეუძლია გადასახადის გადამხდელის მიმართ განახორციელოს დაუსაბუთებელი და არააუცილებელი შემზღუდველი/რეპრესიული ღონისძიებები, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მეწარმე სუბიექტის ინტერესებს.
მისი თქმით, დღეს არსებული ნორმით, თუ გადასახადის გადამხდელს წარმოეშობა გარკვეული ოდენობის საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ორგანოს შეუძლია, თანხის ოდენობის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებას დაადოს ყადაღა ან საგადასახადო/გირავნობა იპოთეკა, რაც ავტომატურ რეჟიმში იწვევს ბიზნეს საქმიანობის შეფერხებას და ზიანს.
,,კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, იძულებით ღონისძიები გამოიყენოს არა გადასახადის გადამხდელის მთელი ქონების მიმართ, არამედ მისი მოცულობა მოაქციოს მხოლოდ არსებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. წარდგენილი კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისთვის საინკასო დავალების საფუძველზე ზედმეტად გადახდილი თანხის 3 დღის ვადაში, ყოველგვარი დამატებითი წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით, უკან დაბრუნებას“, - განმარტა ჯაფარიძემ.