წელს, საქართველომ და ბელორუსიამ, ფაქტიურად, ახლიდან გაიცნეს ერთმანეთი, - ამის შესახებ ბელორუსის რესპუბლიკაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში გამართული ვიზიტის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრისას, მისმა ბელორუსელმა კოლეგამ ვლადიმერ მაკკეიმ განაცხადა.
„წელს, საქართველომ და ბელორუსიამ, ფაქტიურად, ახლიდან გაიცნეს ერთმანეთი. ჩვენი პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტმა და ამ ვიზიტის დროს მიღწეულმა შეთანხმებებმა ახალი იმპულსი შესძინა ჩვენს ურთიერთობებს თითქმის ყველა სფეროში.
ახლახან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სავაჭრო-ეკონომიური თანამშრომლობის კომისიის ბელორუსის ნაწილი. ვიცი, რომ ქართველი კოლეგები ასევე მუშაობენ ქართული ნაწილის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მზადდება წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობისა და ეკონომიკის დარგში“, -განაცხადა ვლადიმერ მაკკეიმ.
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაჯერეს 2015 წლის აპრილში საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი და მისი შედეგები, ასევე ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების შესრულების საკითხი. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის მიმართულებებზე.