პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტში ყველა დასაბუთებული შენიშვნა გათვალისწინებული იქნება.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ განხილვის პროცესში, ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდა, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების.
,,მინდა, ყველას ძალიან მყარი გარანტია მივცეთ იმისა, რომ პარლამენტი არც ამ და არც სხვა კანონს ისე არ მიიღებს, რომ გათვალისწინებული და გააზრებული არ იყოს ყველა დასაბუთებული შენიშვნა და მოსაზრება. ცხადია, ამ სფეროში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებები ძალიან მნიშვმელოვანია. დარწმუნებული ვარ, ისეთ კანონს მივიღებთ, რომელსაც ყველას მხარდაჭერა და გაგება ექნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპორექტი პირველი მოსმენით გასულ კვირას დაამტკიცა. ცვლილებებით, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით, ეროვნულ ბანკთან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქმნება. პროექტით, სააგენტოს საქმიანობას საბჭო უხელმძღვანელებს.