ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის "მანდარინების" ჩვენება ევროპარლამენტსა და გაერო-ში მოეწყობა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ევროპარლამენტში ფილმის ჩვენება 29 ივნისისთვის არის დაგეგმილი, ორი თვის შემდეგ კი "მანდარინებს" გაერო-შიც ნახავენ.
"ფილმის შესახებ მრავალი შეფასება გაკეთდა. ერთ-ერთის მიხედვით, "მანდარინებმა" მშვიდობის მიმართულებით პოლიტიკოსებზე მეტის გაკეთება შეძლო. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, მნიშვნელოვანია ის ჰუმანური მესიჯი, რომელიც ფილმში დევს. ფილმის საერთაშორისო წარმატების გარდა, ალბათ სწრედ ეს ჰუმანური გზავნილია, რითიც "მანდარინებმა" ევროპარლამენტისა და გაეროს ყურადღება მიიპყრო", - განაცხადა ზაზა ურუშაძემ.
ესპანეთის შემდეგ, "მანდარინები" საბერძნეთის კინოგაქირავების ლიდერია. ფილმის ჩაშვებიდან პირველივე უიქენდზე მან გაყიდვის მხრივ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. "მანდარინები" სულ მალე საფრანგეთის, თურქეთის, ლათინო ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და ავსტრალიის კინოთეატრებშიც გამოვა.