ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ წიგნის - "საქართველოს ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების პრობლემა და თანამედროვე გამოწვევები" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-დან აცნობეს, ღონისძიებას თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეროვნული ბანკის, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.
წიგნის ავტორები თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებლები ოთარ ანგურიძე, ირაკლი დოღონაძე და ვახტანგ ჭარაია არიან. გამოცემის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
თსუ-ის ინფორმაციით, წიგნი ეძღვნება საქართველოს ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების საკითხებს; განხილულია უკანასკნელ პერიოდში ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ზემოქმედი ადგილობრივი (საქართველოს მთავრობის, ეროვნული და კომერციული ბანკების ქმედებები) და საგარეო ფაქტორები (ფულადი გზავნილების, რუსეთ-უკრაინის კრიზისი, ნავთობის ფასების გავლენა, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და სხვა). ნაშრომში აგრეთვე მოცემულია მდგომარეობის დაძლევის მოკლევადიანი და გრძელვადიანი რეცეპტები, როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე სამთავრობო ორგანოებისთვისაც.
ნაშრომი შესრულებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.