ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდის "ლაბუნის" შემოსვლის ოფიციალურ ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ესაა ხაზგასმა საქართველოსა და ამერიკის ერთიანი ძალისხმევისა საფრთხეების წინაშე.
"ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდის შემოსვლა ბათუმის ნავსადგურში ეს არის მნიშვნელოვანი მოვნელა, ეს არის ხაზგასმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობისა და იმისა, რომ ჩვენ ერთად ვაპირებთ გავუმკლავდეთ საფრთხეებს, თუ ისინი ექნება ჩვენს ქვეყნებს თუ მსოფლიო მშვიდობას. ამის დასტურია ჩვენი ერთობლივი მოქმედებები ავღანეთში და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში. ორ ქვეყანას გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა სფეროში მათ შორის, სამხედრო სფეროში. დღევანდელი მოვლენა, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ საჭიროა რაც შეიძლება მკაფიოდ იყოს ეს მესიჯი გაგზავნილი ყველასთვის, რომ საქართველო არ არის მარტო”, _განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ბათუმის ნავსადგურში "ლაბუნი" დღეს დილით შემოვიდა. ეკიპაჟის დახვედრის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურში მყოფ ხომალდზე დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები. "ლაბუნი" არის გამანადგურებელი, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანი, რომელიც ექსპლუატაციაში 1988 წელს შევიდა. ხომალდი მონაწილეობდა ერაყის ომში და ნატოს ეგიდით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში.