"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონს მმართველმა გუნდმა პარლამენტში მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობაში საუბრობენ, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად გაამყარებს მონიტორინგის მუშაობის ხარისხს.
"ვერ ვხედავ რეკომენდაციის საფუძველს და რატომ უნდა გავითვალისწინოთ? საქართველოში სხვანაირი კლიმატია და არ იმუშავებს ასეთი მოდელი. ეს ცვლილება ემსახურება იმ მიზანს, რომ დღეის შემდეგ არასდროს აღარ იქნება საფრთხე იმისა, რომ ეროვნული ბანკი შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის. ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი," - განაცხადა კანონის ინიციატორმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნოდარ ებანოიძე, ამბობს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ფრთხილობენ და ამიტომ გასცემენ რეკომენდაციებს, რადგან პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არის ძალზედ სერიოზული.
78 ხმით ერთის წინააღმდეგ - ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილები პირველი მოსმენით მიღებულია. ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო.