თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მსოფლიო დონის ვარსკვლავი - მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 28 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს და ქართველი მსმენელის წინაშე ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგება, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.
კონცერტში მონაწილეობას იღებენ გორის ქალთა კამერული გუნდი, წმინდა სამების მგალობელთა საპატრიარქო გუნდი, შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მუსიკოსები და ეროვნული მუსიკალური ცენტრის სოლისტები გიორგი ცაგარელი, ირაკლი ევსტაფიშვილი, ელენე ქობულაშვილი, გოგი ხარაბაძე, საპატიო კონცერტმაისტერი ვიქტორ კონიაევი და ნორჩი პიანისტები. საინტერესო პროგრამა: ბარბერის „ადაჟიო“, ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოები „პასუხი“, არვო პიარტის „კრედო“, რესპიგის „რომის ფიჭვები"-ს ფინალი და რაც მთავარია - ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი.
საქველმოქმედო საღამო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებსა და ახალგაზრდებს მიეძღვნება და რაც მთავარია, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის იქნება ბილეთის სპეციალური ფასი 10 ლარი.