სახალხო წარმომადგენლობითი კრების მხარდამჭერი დარბაზი დაფუძნდა. კრების დაფუძნების იდეის ავტორი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბია. დარბაზის წევრები საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან.
როგორც ცნობილია, წარმომადგენლობითი სახალხო კრების სამოქმედო გეგმა 7 შვიდი პუნქტისგან შედგება: 1. არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ხელისუფალი, რომელსაც დიქტატორის ყველა თვისება ახასიათებს, რომლის წყალობითაც ქვეყანას დღეს ტერიტორიების 20% აქვს დაკარგული, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ერის მმართველი. შესაბამისად, წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე დაისვას საკითხი, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში ჩატარების შესახებ;
2. საქართველოს დღევანდელი პარლამენტი არ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველ სახელისუფლებო ორგანოს, არ ასრულებს მასზე კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობებს. შესაბამისად, წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე უნდა დაისვას საკითხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში ჩატარების შესახებ;
3. დაევალოს წარმომადგენლობით სახალხო კრების საორგანიზაციო ჯგუფს, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს კრების გასამართად აუცილებელი საორგანიზაციო საქმიანობა და შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება;
4. შექმნილ სამუშაო ჯგუფებს დაევალოს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება, მათი ინფორმირება, თანამოაზრეთა და მხარდამჭერთა მობილიზება, მათი ჩართვის უზრუნველყოფა კრების მუშაობის პროცესში;
5. მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებული აზრის გამო დაპატიმრებულ პირებს, ყველა უკანონო პატიმარს;
6. ხელისუფლებას, რომელმაც თავისუფლების, დამოუკიდებლობის უფლება წაართვა საკუთარ მოსახლეობას, არა აქვს უფლება, 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობა იზეიმოს და აღლუმი ჩაატაროს. ეს დღე ჩვენ, ქართველმა ერმა, უნდა აღვნიშნოთ, ეს ჩვენი უფლებაა;
7. წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა დარბაზი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჩაერთონ კრების ორგანიზებაში და მიიღონ მონაწილეობა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სახალხო წარმომადგენლობითი კრების მხარდამჭერი დარბაზი კრების სამოქმედო გეგმას მხარს უჭერს.