2015 წლის 25 ივნისს, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ზურაბაშვილის თანდასწრებით, კოლეჯის პრეზიდენტმა ენდრიუ დიკსმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯსა (UCD) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია თსუ-ს რექტორის პროფესორ ვლადიმერ პაპავას მიერ.
მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას და გაცვლითი პროგრამების შემოღებას როგორც სტუდენტებისა და მკვლევარების, ასევე, აკადემიური პერსონალისათვის.
ამავე დღეს კოლეჯის პრეზიდენტმა ენდრიუ დიკსმა და ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის სერთიფიკატს და დაადასტურეს სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობისათვის მზაობა.
"თსუ-სა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ირლანდიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. სასიხარულოა, რომ ქართველ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისწავლონ ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, შეიძინონ ცოდნა და ღირებული გამოცდილება, რაც მათი მომავალი წარმატების გარანტი იქნება" - განაცხადა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.