ევროსაბჭოს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ანგარიში და რეზოლუციის პროექტი წევრ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ.
ანგარიშში მითითებულია 4 ქვეყანა - საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი. ანგარიშში როგორც ,,ნაცმოძრაობის” ლიდერები განმარტავენ, საუბარია პარტიის კონკრეტულ წევრებზე: გიგი უგულავა, ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი.
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომას, კმაყოფილი არიან რეზოლუციის ტექსტითაც და ანგარიშითაც და ამბობენ, რომ ტექსტი ასახავს არსებულ მდგომარეობას.
თუმცა, ,,ქართული ოცნების” წევრების განმარტებით, ევროსაბჭოს იურიდიული კომიტეტის ანგარიშში საუბარია არა ,,ნაცმოძრაობის” კონკრეტულ ლიდერებზე, არამედ მინიშნებაა გაკეთებული მხოლოდ ,,ნაცმოძრაობაზე”
,,რეზოლუციის ტექსტში არ წერია არც ერთი საქმის შესახებ, მითითება არ გახლავთ არც ერთ გვარზე. ჩანაწერია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ გვაქვს შენიშვნები და ოქტომბრის სესიისთვის ამ შენიშვნებს აუცილებლად წარვადგენთ”, _განაცხადა ,,ქართული ოცნების” წევრმა მანანა კობახიძემ.