იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში, ძველნაბეჭდი წიგნის რესტავრაციისას, ყდაში ხელნაწერების ფრაგმენტები - სულ შვიდი ფურცელი - აღმოაჩინეს.
ფრაგმენტები ორი სხვადასხვა ხელნაწერის - წმიდა მამათა თხრობებისა და ლიტურგიკული კრებულების შემადგენელ ნაწილებად დაჯგუფდა. ხელის მიხედვით, ორივე მათგანი, ამ ეტაპისათვის, XV-XVI საუკუნეებით თარიღდება.
ორივე ნაწერია ნუსხურით, საზედაო ასოები - მთავრულით. სათაურები და საზედაო ასოები შემკულია სინგურით. აღსანიშნავია ის, რომ ერთ-ერთმა ხელნაწერმა განსაკუთრებით კარგად შემოინახა სინგურის ხარისხი და, შეიძლება ითქვას, შენარჩუნებული აქვს პირველადი სახე.
შინაარსობრივად ფრაგმენტების ერთი ჯგუფი ლიტურგიკული შინაარსისაა და ღვთისმსახურებისთვის გამოიყენებოდა, ხოლო ფრაგმენტების მეორე ჯგუფი აპოფთეგმურ თხრობათა ციკლის ნაწილს წარმოადგენს, წმიდა მამათა ამ თხრობების ნაწილი უკვე ამოკითხულია კიდეც.